შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 27 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში “ქალი და განვითარება”-ს პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატის სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ქალბატონი ნათია მაწონაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თეონა ყველაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია “ქალი და განვითარება”-ს სამოქალაქო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ, განიხილეს მუნიციპალური ნარჩენების მართვისას ქარელის სასოფლო არეალებში მცხოვრებთა, როგორც მუნიციპალური მომსახურების მიმღებთა უფლებების და ინტერესების მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. დისკუსიის მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო იყო დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისის უშუალო მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა, პრობლემები და პერსპექტივები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოთქვეს “ქალი და განვითარება”-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.

მრგვალი მაგიდის სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა პროექტის “უფლებების ამოქმედება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს მხარდაჭერით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და კონრად ადენაუერის ფონდი.